ახალი ამბები

ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, უქმდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, უქმდება.

მათ შორის, უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებირვი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე. ასევე აღარ იმოქმედებს თვითიზოლაციის ვალდებულება პირებისთვის, ვინც ქვეყანაში „პისიარ“ ტესტის გარეშე ბრუნდება.

შესაბამისი გადაწყვეტილებების შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება.

უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურზე. ე.წ. დისტანციურზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან, უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან „პისიარ“ ტესტის გარეშე. შენარჩუნდება ვაქცინაციაზე დაწესებული წახალისების პროგრამა.

პრაქტიკულად ყველა რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებისა, ამ ეტაპზე უქმდება“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.