თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოიშლა
ქალაქ თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოიშლა.
არსებული ინფორმაციით, პირველ სართულზე დამონტაჟებული რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის მიზეზი დიდთოვლობა გახდა.
ჩამონგრეული ნაწილი კომერციული ფართების სახურავზე იყო დამონტაჟებული. შემთხვევის შედეგად, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა, არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა უკვე გაწმინდეს ტერიტორია. ვითარებას ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერიც.
ლევან ანდრიაშვილის თქმით, აღნიშნული კორპუსის გარეფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წლის წინ განხორციელდა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია საგარანტიო ვალდებულებების ფარგლებში იმოქმედებს.
“კორპუსის სახურავიდან ჩამოწვა თოვლის მასა, რომელიც დაეცა პირველ სართულზე არსებული კომერციული ფართის გადახურვას. შესაბამისი სამსახური მომხდარის მიზეზებს გამოიკვლევს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”- განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.