ახალი ამბები

სოფელ რუისპირში მცხოვრებ ათშვილიან ოჯახს სოციალური დახმარების მისაღები ბარათი და საბუთები მოპარეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრებ ათშვილიან ოჯახს სოციალური დახმარების მისაღები ბარათი მოპარეს.

ოჯახის წევრების თქმით, ბარათთან ერთად დაიკარგა მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, მართვის მოწმობა და სხვა საბანკო ბარათებიც.
მათი განმარტებით, ოჯახის წევრი მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობს და საბუთები სწორედ მანქანიდან ამოაცალეს.

კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელის, ჯემალ ბაღათრიშვილის განცხადებით, დაზარალებულ მოქალაქეს დოკუმენტების განახლებაში დაეხმარებიან.

“დახმარებას იღებენ საბანკო ბარათებით და თუ მოგვაკითხავს, ყველაფერს ავუხსნით და დავეხმარებით. მათთვის ყველა ინფორმაცია ჩვენთან ხელმისაწვდომია”,- განმარტა ბაღათრიშვილმა.

დაკარგული დოკუმენტების დაბრუნების თხოვნით, ოჯახმა განცხადება სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, თუმცა, ამ წუთამდე, არავინ გამოხმაურებია.