ახალი ამბები

კლიმატური პირობების გამო, ფქვილით დატვირთული 250-მდე მანქანა ლარსზე დგას – კომპანიები

პურის მწარმოებელი კომპანიების ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში ფქვილით დატვირთული მანქანები ვერ შემოდის.

მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ფქვილით დატვირთული 250-მდე მანქანა ლარსის გამშვებ პუნქტზე ერთი კვირაა დგას.

როგორც კომპანია “იფქლი დიღომის” დირექტორი BM.GE-სთან აცხადებს, ამ ეტაპზე ფქვილის დეფიციტის პრობლემა არაა, რადგან კომპანიებს, დაახლოებით, სამკვირიანი მარაგები გააჩნიათ.

„200-250 ფქვილის მანქანა რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა გაჭედილი. იმედია, ყველა ღონეს ღებულობენ, რომ ფქვილი შემოვიდეს და პრობლემა არ შეიქმნას. ამინდის გამოა პრობლემა, თოვს და ყინვაა, ზვავ-საშიშროებაა და გაჭედილია მანქანები.

ერთი კვირაა ასეა. სატვირთო მანქანების ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზეა გადმოსული, მაგრამ არ უშვებენ, რადგან ზვავსაშიშროებაა“, – აცხადებს ნისან იოსებაშვილი.

კომპანია „იფქლის“ ხელმძღვანელის თქმით, მეტეოროლოგიური პირობების გარდა, რუსეთიდან ფქვილის შემოტანის პრობლემა არ დგას და მოწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„რუსეთიდან ფქვილის შემოტანის პრობლემა არ დგას. ახლა თოვლია და ლარსზე ფიზიკურად გაჩერებულია მოძრაობა. როგორც ასეთი, შეფერხება პოლიტიკური კუთხით არ არის. ლარსზე ბევრი მანქანა დგას ფქვილით დატვირთული, რომ შემოვა დასტაბილურდება სიტუაცია. ჩვენს კომპანიას პირადი მარაგი აქვს, მაგრამ პურის არცერთ წარმოებას არ აქვს დიდი მარაგი. ეს შეიძლება იყოს 2 კვირა, 20 დღე, მაქსიმუმ ერთი თვეზე გათვლილი მარაგები“, – აცხადებს ბაქარ ბაკურაძე.

შეგახსენებთ, საქართველოსთვის ფქვილის მთავარი მომწოდებელი რუსეთის ფედერაციაა. ქვეყანაში ფქვილის იმპორტი განსაკუთრებით გასული წლიდან მას შემდეგ გაიზარდა, რაც ხორბლის იმპორტზე რუსეთმა მცურავი საბაჟო მოსაკრებელი დააწესა. ანალოგიური მოსაკრებელი არ ვრცელდება ფქვილის იმპორტზე, რის გამოც ადგილობრივი წისქვილკომბინატების დიდმა ნაწილმა ხორბლის შემოტანა და ფქვილის ადგილზე გადამუშავება შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელიწადში (იანვრის მდგომარეობით) რუსეთიდან ფქვილის იმპორტი 699 ათასი ტონიდან ($197 ათასი) 8,8 მლნ ტონამდე ($2,9 მლნ) გაიზარდა.