რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან,- ამის შესახებ ინფორმაციას სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟივიცკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
მისი ინფორმაციით, რუსულმა ავიაციამ სუმსა და ახტირკაში, ასევე სოფელ ბიტიცაში საცხოვრებელი სახლები დაბომბა.
“დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდება. საგანგებო სიტუაციების სამსახური ნანგრევებს ასუფთავებს და ხანძარს აქრობს. ექიმები მუშაობენ. ასე გამოიყურება რეალურად „რუსული მშვიდობა“ ჩვენ ამას არასოდეს ვაპატიებთ”, – ცხადებს დიმიტრი ჟივიცკი.
ამასთან, მისი ინფორმაციით, მსხვერპლი უკრაინელ სამხედროებს შორისაც არის.
„ჩვენი ბიჭები შეებრძოლნენ მტრის ტექნიკის მთელ კოლონას. არიან დაჭრილები და სამწუხაროდ, რუს სამხედროებთან უთანასწორო ბრძოლაში ოთხი ახალგაზრდა დაიღუპა“, -განაცხადა ჟივიცკიმ.