ახალი ამბები

არაბეთის გაერთიანებული საამიროები საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმის დაწესებას გეგმავს

არაბეთის გაერთიანებული საამიროები საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმის დაწესებას გეგმავს.

ამის შესახებ ქვეყანაში საქართველოს საელჩო ავრცელებს ინფორმაციას. დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, მოლაპარაკებების ეტაპი წარმატებით დასრულდა და ამჟამად UAE-ს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღების პროცედურა რჩება უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის.

“მოლაპარაკებების შედეგად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელები. მხარეებს შორის, ზემოხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობების დასრულების შემდეგ, საელჩო გაავრცელებს ინფორმაციას ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ.

ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გახლავთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის კიდევ ერთი ნათელი მაჩვენებელი,”- წერს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს საელჩო.