ახალი ამბები

ონლაინ შეძენილი ნივთის უკან დაბრუნება 14 დღის ვადაში იქნება შესაძლებელი

საქართველოს მალე კანონი ექნება, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს დაიცავს. ახალი წესები მყიდველს შესაძლებლობას მისცემს, მაგალითად ონლაინ შეძენილი ნივთები 2 კვირის ვადაში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უკან დააბრუნოს.

რეგულაციამ მომხმარებელი შეცდომაში შემყვანი რეკლამისგანაც უნდა დაიცვას, ამიტომ ბიზნესსუბიექტებს ევალებათ, მყიდველს ამა თუ იმ პროდუქტსა და მის ფასზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

“მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და პირველი მოსმენით დამტკიცებული. მასზე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა იმუშავა.

ცვლილებები განსხვავებული მიდგომას ნერგავს ონლაინ და ფიზიკური ვაჭრობის შემთხვევებში. ელექტრონული ვაჭრობის დროს მომხმარებელი მოკლებულია შესაძლებლობას, პირადად შეაფასოს და მოიწონოს საქონელი, ამიტომაც უფლება ეძლევა 14 დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს პროდუქტი. ფიზიკურად ვაჭრობისას კი წესები სხვანაირია. კომიტეტის წამყვანი იურისტი თამთა ჭუმბურიძე “საქმის კურსთან” ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მყიდველს ნივთის დაბრუნება მხოლოდ იმ პირობით შეეძლება, თუ რაიმე ნაკლს აღმოუჩენს. მას უფლება ექნება ნივთი 6 თვის განმავლობაში გაცვალოს ან დააბრუნოს.

“პირველი 6 თვის განმავლობაში მტკიცების ტვირთი გამყიდველზეა, რადგან იგულისხმება, რომ ნაკლი ამა თუ იმ საქონელს გაყიდვის დროსაც ჰქონდა. 6 თვის შემდეგ კი მტკიცების ტვირთი უკვე მომხმარებელზე გადადის”,- აცხადებს თამთა ჭუმბურიძე.

საქართველოს ბიზნესასოციაციის იურისტი ნიკა ნანუაშვილი განმარტავს, რატომ არის ფიზიკური ვაჭრობის დროს უკან დაბრუნების შესაძლებლობა 6 თვის განმავლობაში. მისი თქმით, შეიძლება პროდუქტს ჰქონდეს უხილავი ნაკლი, მაგალითად მობილური ტელეფონი არ იყოს ფიზიკურად დაზიანებული, მაგრამ არ ჰქონდეს ხმა, სწორედ ამიტომ გამყიდველი ვალდებულია მისი შეკეთება, შეცვლა ან უკან დაბრუნება უზრუნველყოს.

“კომერციული გარანტიის არსებობის დროს მსგავსი პირობა 2 წელზეც ვრცელდებოდეს”,- ამბობს ნიკა ნანუაშვილი.

ბიზნესასოციაცია ერთ-ერთი იყო, რომელმაც აღნიშნულ კანონპროექტზე აქტიურად იმუშავა. მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონპროექტი წლებია მუშავდება, ნიკა ნანუაშვილი ამბობს, რომ შენიშვნები გათვალისწინებულია და არსებული ვერსია, ყველაზე მისაღებია.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის მაკონტროლებელი კონკურენციის სააგენტო იქნება. იგეგმება ახალი დეპარტამენტის ჩამოყალიბება, რომელიც მომხმარებელთა საჩივრებს განიხილავს. ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ჯგუფებს საქართველოს რეგიონებშიც აამოქმედებენ.

“საჩივრის მიღებიდან დაახლოებით 10-დღიანი ვადა აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს იმისათვის, რომ საჩივარი მიიღოს წარმოებაში. არის განხილვის ერთთვიანი ვადა – დადგინდეს დარღვევა ან არა. თუმცა საქმის სირთულიდან გამომდინარე ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე”,- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტით, მოვაჭრე ვალდებულია მკაფიო და გასაგები ფორმით უზრუნველყოს საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მითითება.

“ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა, როდესაც დახლზე დევს შეფუთული წიწიბურა – ერთი არის 800 გრამიანი, მეორე 780 გრამიანი და მომხმარებელი რეალურად ვერ ხვდება რა ღირს ერთი კილოგრამი საქონელი. ამიტომ მოვაჭრეებს დაევალებათ ერთეულის ფასის მითითებაც”,- ამბობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის იურისტი.

ბიზნესსუბიექტი ასევე ვალდებული იქნება პროდუქტზე მიუთითოს მის შესახებ ინფორმაცია: დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, აქვს თუ არა ნივთს გარანტია, მითითებული ფასი მხოლოდ პროდუქტისაა თუ მასში მოიაზრება მონტაჟი ან გადაზიდვა და ა.შ.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესსუბიექტებს ჯერ გააფრთხილებენ, შემდეგი ნაბიჯი კი ჯარიმაა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კომპანიის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 2 პროცენტს.