ახალი ამბები

თებერვალში ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულზე, თევზეულზე, ზეთზე, პურზე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში ფასები ძირითადად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, მინერალურ და წყაროს წყლებზე, ნატურალურ წვენებზე, თევზეულზე, ზეთსა და ცხიმზე, პურსა და პურპროდუქტებზე და ტრანსპორტზე გაიზარდა.

ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.67 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.7 პროდუქტი); თევზეული (1.4 პროცენტი). ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

ფასები, ძირითადად, მომატებულია სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფზე (3.8 პროცენტი). რაც შეეხება ფასების შემცირებას, ფასები შემცირდა, რძეზე, ყველსა და კვერცხზე. ფასის შემცირება 2.7%-ით მოხდა. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.1 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-7.4 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-2.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე,”– ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება წლიურად ფასების ცვლილების მაჩვენებლს, „საქსტატის“ ინფორმაციით, ფასები ყველაზე მეტად ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე გაიზარდა.