თელავში, პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონის განვითარების ცენტრმა” NDI-ისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის, მათ შორის ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა სამოქალაქო მონიტორინგითა და ადვოკატირების გზით.
მათივე თქმით, ძირითადი ამოცანებია სამოქალაქო ერთობის შექმნა და გაძლიერება; სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გეგმის შემუშავება და განხორციელება; ბიუჯეტირების პროცესში ადგილობრივი საზოგადოების, განსაკუთრებით ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა; ადგილობრივ ხელისუფლებასა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა საერთო ინიციატივების განხორციელების გზით.