რა განცხადებებს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად მთავრობაში
საქართველოს მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფაქტს ეხმაურებიან.
მათი თქმით, რუსეთის მხრიდან აგრესია და სამხედრო მოქმედების დაწყება უკრაინაში დაუშევებელია.
ფაქტს ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი განცხადებით, საქართველო უკრაინაში რუსეთის აგრესიით შოკირებულია.
„მოვუწოდებთ, სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს“, – წერს პრეზიდენტი „ტვიტერში“.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოვუწოდებთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, გავერთიანდეთ უკრაინისთვის, მსოფლიომ იგივე შეცდომები არ უნდა დაუშვას, რაც 2008 წელს, როცა ოკუპანტს გაუვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ყველა ნაბიჯს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით გადადგამს.
„მგონია, რომ სანქციები უნდა იყოს ადეკვატური, სწრაფი და საკმაოდ მტკივნეული რუსეთისთვის, ეს არის სწორი და ადეკვატური, ხოლო თუ ზედაპირული სანქციებით შემოვიფარგლეთ, ოკუპანტი უფრო გაძლიერდება და ხვალ, ზეგ უარესს ჩაიდენს. დღეს უკრაინა არის განსაცდელში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, მსოფლიოს, რომ გავერთიანდეთ უკრაინას დასაცავად,”– განაცხადა ზარქუამ.
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მიმართოს ყველა ზომას, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია.
„ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
პუტინის რეჟიმის დასასრული ამ აგრესიით დაიწყო, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბათუ ქუთელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მან რუსეთის აგრესიის გამო უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ეს ომი პუტინის რეჟიმს დაასამარებს.
„დღეს რუსეთმა ღია ომი გამოუცხადა ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენს თავისუფალ არჩევანს, თუ როგორ გვინდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები, როგორი სახელმწიფო გვინდა ავაშენოთ. ამაზე ერთადერთი პასუხი არის დასავლური სამყაროს სოლიდარობა და ერთიანობა. დღეს არ არსებობს ნაცრისფერი შუა, დღეს არის შავი და თეთრი. ამიტომ, ყველა ჩვენგანის ვალია დავდგეთ იქ, სადაც სინათლეა იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული არჩევანი”, – განაცხადა ქუთელიამ.
სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. რუსეთის ფედერაციის აგრესია ასევე, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების და ეკონომიკური თვალსაზრისით, ამიტომ პასუხი ამ აგრესიაზე უნდა იყოს კონსოლიდაცია, ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს შორის განსხვავებები გვერდზე უნდა გადავდოთ და ამ უმძიმესი გამოწვევის წინაშე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს, იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, – ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, მთელი ცივილიზებული სამყაროს გამოწვევაა და საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას.
ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით, რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად.
„რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად,“- ნათქვამია განცხადებაში.