ბორის ჯონსონი – დასავლეთი უმოქმედოდ არ იქნება
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, „დასავლეთი უმოქმედოდ არ იქნება, მაშინ როდესაც პრეზიდენტ პუტინმა თავისი კამპანია წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.
ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომლის შესახებაც ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ავრცელებს.
ბორის ჯონსონის ოფისის განმარტებით, პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა.
მათივე ცნობით, სატელეფონო საუბარში ჯონსონმა აღნიშნა, რომ შეძრწუნებულია უკრაინაში მოვლენების განვითარებით. მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ამას გაუძლებს და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო გვერდში დაუდგება უკრაინას „ამ ბნელი პერიოდის განმავლობაში“.