პარლამენტში მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონი მუშავდება
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძეს განაცხადებით, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უშუალო ჩართულობით, პარლამენტში, მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონპროექტი მუშავდება.
„პარლამენტში მუშაობენ ახალ კანონპროექტზე – „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, რაც დაარეგულირებს შემდეგ საკითხებს: ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება; მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება; ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები; ცოფისა და ცხოველთა გადამდები სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია; ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები; ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების საქმიანობა. კანონპროექტით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებში ამ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები ეფექტურად გადაიჭრას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანი, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება და მათი აღრიცხვაა.
„მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება მხოლოდ ჰუმანური, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ეფექტური მეთოდით – სტერილიზაცია/კასტრაციის გზითაა შესაძლებელი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. გასულ წელს სააგენტომ 6 000-მდე ცხოველი გაასტერილა, მაგრამ საჭიროა, ამ საკითხის ცენტრალიზებულად, კომპლექსური გადაწყვეტა. გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ კანონპროექტმა სპეციალური ნებართვით დაარეგულიროს ცხოველის გამრავლება და მისი კომერციული მიზნით მოშენება.
დღეს არსებული მდგომარეობით, არ არსებობს ცხოველთა აღრიცხვის ერთიანი ბაზა. კანონპროექტი ითვალისწინებს, ქვეყნის მასშტაბით, ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას, სადაც ყველა მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად განაახლებს მონაცემებს.
აღნიშნული მექანიზმით, მუნიციპალიტეტების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი იქნება მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის ეფექტური მართვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მერმა კანონპროექტის დამუშავების პარალელურად, მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დარგის სპეციალისტებთან შეხვედრები დაავალა.
„მინდა, დავავალო ანდრია ბასილაიას, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, დარგის სპეციალისტებს შეხვდეს. ეს კანონპროექტი მათი ჩართულობით განვიხილოთ.
შევაჯეროთ, რა საკითხების დამატება შეიძლება. პრობლემა მწვავეა. არის შემთხვევები, როდესაც რეგიონიდან ჩამოჰყავთ ძაღლები და თბილისის ტერიტორიაზე ტოვებენ. მხოლოდ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ვერაფერს გახდება.
საკანონმდებლო დონეზეა ყველაფერი დასარეგულირებელი. ასევე, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ვავალებ, პროგრამის განსახორციელებლად შესაბამისი თანხები მობილიზდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.