სოფელ ჭანდარში სამუშაოების დროს მიწისქვეშა კამაროვანი ნაგებობა აღმოაჩინეს- ფოტო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში სამუშაოების დროს მიწისქვეშა კამაროვანი ნაგებობა აღმოაჩინეს.
ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, გაზის გაყვანის სამუშაოების დროს აღმოჩენილი იქნა მიწისქვეშა კამაროვანი ნაგებობა, რომელიც ნაშენია ქართული აგურით კირის დუღაბზე.
,,აღმოჩენის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ აცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომლის თანამშრომლებმაც მოინახულეს აღმოჩენის ადგილი.
სპეციალისტების აზრით, რამდენიმე მეტრის სიგრძის მკვიდრად ნაგები ნაგებობა გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთნება, თუმცა რა მიზნით გამოიყენებოდა ჯერ უცნობია. მოხდება თუ არა აღმოჩენილი ობიექტის არქეოლოგიური კვლევების ჩატარება, ამის შესახებ უახლოეს პერიოდში შეგვატყობინებენ”,- აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.