ევროკავშირის ელჩი კახეთში იმყოფება
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი კახეთის რეგიონს ეწვივნენ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ვიზიტი მანავის ციხეში დაიწყო, სადაც ელჩმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ახლად რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა.
კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირის ერთ-ერთ მიზანს რეგიონების თანაბარი განვითარება წარმოადგენს.
„კახეთში ჩემს ორდღიან ვიზიტს ამ ადგილიდან, მანავის ციხიდან ვიწყებ. მე დავათვალიერებ სხვადასხვა პროექტს, რომელსაც ჩვენ რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვახორციელებთ. ეს არის ევროკავშირის იმ დიდი მიზნის ნაწილი, რომელიც ქვეყნის რეგიონების თანაბარ განვითარებას ითვალისწინებს.
კერძოდ, ქალაქებსა და სოფლებს შორის განსხვავების შემცირებას, რეგიონებისათვის ისეთი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას, აგრეთვე მათ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მოვლაში დახმარებას.
ხვალინდელი დღე გარემოს დაცვას მიეძღვნება. კერძოდ, ჩვენ დავათვალიერებთ ბიოსფერულ რეზერვატს, რომელიც საქართველოს არაჩვეულებრივი ბუნების შესანარჩუნებლად და ამავე დროს, ადამიანებისათვის ამ გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად შეიქმნა. ეს ჩემთვის ნამდვილად არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი ორი დღე იქნება“,- აღნიშნავს ჰარცელი.
ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში კარლ ჰარცელი საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა პროექტს დაათვალიერებს, ასევე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდება, რათა იმ ინიციატივებს გაეცნოს, რომლებიც რეგიონის ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და გარემოსდაცვით კეთილდღეობას უზრუნველყოფს.