ახალი ამბები

თუშეთში წარმოებული ჩაი ინგლისის შემდეგ ექსპორტზე ირლანდიაში გავა

სამკურნალო ჩაის და სანელებლების მწარმოებელი კომპანია „უშარო“ ინგლისში, ლონდონში არსებულ ქართულ მაღაზიაში იყიდება.

კომპანია წარმოებული პროდუქციის გაყიდვას ასევე ირლანდიაში გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სეხნიაიძე აცხადებს, კომპანიამ თუშეთში წარმოებული ჩაის, კონკრეტულად კი, ბექთქონდარას ევროპაში რეალიზება დაახლოებით 3-4 თვეა, მცირე პარტიებით დაიწყო.

მისი თქმით, ,,უშარო“ საოჯახო ტიპის ბიზნესია, რომელიც თუშეთში, ახმეტის რაიონის სოფელ შენაქოში 5 სახეობის მცენარეულ ჩაის, 3 სახეობის მურაბას (ტყის ჟოლო,გირჩი, მოცვი) და სანელებლებს აწარმოებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, კომპანიის სავიზიტო ბარათი სწორედ მცენარეული ჩაია. მათ შორის: ბექთქონდარი, დეკა, თავშავა, გვირილა, პიტნა, მოცვის ფოთოლი. რაც შეეხება სუნელებს, ამ დროისთვის კომპანია კოწახურს და ხინკლის ქონდარს აწარმოებს.

მცენარეები თუშეთში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრს ზევით მოიპოვება.