ახალი ამბები

საქართველოში უმუშევრობის დონე 19% -ს შეადგენს

საქსტატმა დღეს სამუშაო ძალის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 19% იყო.

რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო პანდემიის მაქსიმალურ უმუშევრობასთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საქსტატის მიხედვით, ქალაქებში უმუშევრობის დონე 20.1%-ია, სოფლად ეს მაჩვენებელი 17.4%-ს შეადგენს. კაცებში უმუშევრობის დონეა 20.6%, ქალებში კი – 16.8%.

“2021 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.2 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით და 41.5 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 3.1 პროცენტული პუნქტით.

დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.7 პროცენტული პუნქტით. 2021 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.

2021 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 63.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის IV კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.5 და 1.9 პროცენტული პუნქტით”,- ნათქვამია ანგარიშში.