ლაგოდეხში დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა.
მერიის ინფორმაციით, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა, მარტივი და მოქნილი სისტემითაა შესაძლებელი. უწყებაში განმარტავენ, რომ მოქალაქეების ინფორმირება, ყოველთვიურად, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით ხორციელდება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია, როგორც სწრაფი ჩარიცხვის აპარატით ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენლის მომსახურებით.
,,მერიაში, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისთვის, სააბონენტო სისტემა უკვე ერთი წელია ამოქმედდა და მოქალაქეებს მიმდინარე დავალიანებების შესახებ შეტყობინება ყოველთვიურად ეგზავნება. დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ერთ სულ მოსახლეზე 0.50 ლარს შეადგენს (ოჯახზე არა უმეტეს 2 ლარისა), ხოლო იურიდიული პირებისთვის მოსაკრებლის ოდენობა, დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების მიხედვით განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქის მიერ გადახდილი თანხა, სრულად აისახება გადამხდელი პირის სადეპოზიტო ანგარიშზე, ყოველგვარი საკომისიო თანხის ჩამოჭრის გარეშე. ბიუჯეტში შემოსული დასუფთავების მოსაკრებელის თანხა, სრულად მოხმარდება მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას”,- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.