ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვარი სიღნაღიდან
ახალგაზრდა მხატვარი ზურა ეფრემიძე ბავშვობიდან ხატავს.
როგორც თავად ზურა ამბობს, ხატვით იმ დროიდან დაინტერესდა, როდესაც ფანქრების ხელში დაჭერა შეძლო.
„დავიბადე და გავიზარდე სიღნაღში, თუმცა ამჟამად ვცხოვრობ თელავში. ბავშვობაში არც ისე სერიოზულად ვუდგებოდი ამ საქმეს, მაგრამ ახლა წარმოუდგენელია ვიცხოვრო ხატვის გარეშე. ამ მხრივ არსად მიმიღია განათლება. ნახატებში ჩემში დაგროვილ ენერგიას, ფიქრებსა და ჩემს შინაგან სამყაროს გადმოვცემ“, -განაცხადა ზურამ.
მისი თქმით, პირველ კურსზე იყო როცა ამ მიმდინარეობაში ხატვა დაიწყო.
„ჩემი ნახატები ერთ კონკრეტულ მიმდინარეობას არ მიეკუთვნება – არის სიურეალიზმი, კუბიზმი, მაქვს აბსტრაქციები. მთავარია, კონკრეტული ნახატი რა სახით უფრო მომეწონება, რომ მივცე ის საბოლოო სახე, რაც ჩაფიქრებული მაქვს.
ბოლომდე არასდროს ვიცი რა იქნება საბოლოოდ იმიტომ, რომ ყველაფერი მუშაობის პროცესში მოდის, მაგრამ ძირითად საწყისებს არ კარგავს. როგორც თავიდან ვახსენე ჩემი ნახატები არის მხოლოდ ჩემი შინაგანი გამოძახილი – ემოციები, ენერგიები, ყოველდღიური და ცხოვრებისეული განცდები ის, რაც ჩვეულებრივი თვალისთვის შეუძლებელია ჩემი სამყაროს აღსაქმელად“,– განუცხადა Knews.ge-ს ზურა ეფრემიძემ.
ახალგაზრდას დაგეგმილი აქვს საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყოს.
„ახლა ვთვლი, რომ საჭიროა გაყიდვა, რადგან სხვებსაც მივცე საშუალება მიიღონ სიამოვნება ხელოვნებით. ამასთანავე, ეს იქნება გზა, რომ ჩემს შემოქმედებასთან ერთად საზოგადოებამ მეც გამიცნოს. არასოდეს მიფიქრია დამეხატა ის, რაც მეტად გაიყიდებოდა. მე მხატვრობას არ ვუყურებ როგორც ბიზნესს. ჩემი ნახატები არის ჩემი ისტორიის მთავარი ფურცლები და მე ამ კვალს ვერ გავაუფერულებ“.
ზურას სამი პერსონალური გამოფენა აქვს გამართული: 2021 წელს თელავის ისტორიულ მუზეუმში, 2019 წელს SEU-საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, 2016 წელს სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში. იგი სამომავლო მიზნად, ხელოვნების სფეროში დარჩენას და განვითარებას ასახელებს.
„სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მასზე ნაკლებად ვსაუბრობ. ამ ეტაპზე რის თქმაც შემიძლია მიყვარს ჩემს საქმეში სიახლეები და ბევრ სხვადასხვა განხრაში გამოვცადე ჩემი თავი, street art-იც გამიკეთებია, სხვადასხვა სახის მცირე ზომის ქანდაკებებს ვაკეთებდი. ახლა ახალი გამოწვევა მაქვს წინ, ტატუს დახატვას ვსწავლობ (ამასაც ჩემით, რა თქმა უნდა). ვნახოთ რა გამომივა. შედეგები მეტს იტყვიან ჩემზე“,- განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას ახალგაზრდა ხელოვანმა.
ზურა ეფრემიძეს თქმით, მნიშვნელოვანია აღნიშნული ხელოვნების დარგი საქართველოში პოპულარული გახდეს.
„ყველა შემოქმედს ჭირდება სტიმული, რაც უფრო მეტად გაზრდის შემოქმედებითუნარიანობას. მთავარი ის არის, რომ არ გაჩერდე, ადრე თუ გვიან ყველაფერს ექნება სათანადო დაფასება“.