ახალი ამბები

კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 33 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 33 ფაქტი გამოავლინეს.

საგარეჯოს, ახმეტის, ლაგოდეხის, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან ჯამში დაახლოებით 61 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე (საშეშე მერქანი, კოტრი) დაამზადეს და მათი უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

მათივე ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის მიმდებარე ტყეში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოპოვებული ცაცხვისა და წიფლის სახეობის ხე-მცენარეებისგან დაამზადა 14 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და მათი უკანონო ტრანსპორტირებაც მოახდინა.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.