ახალი ამბები

ყვარელში-“ღვინის სოფელში“ მიწის ფართების 75% უკვე გაყიდულია

ყვარელში ,,ღვინის სოფელი შენდება”. როგორც ეთნოსოფლის პროექტის ავტორი, გიორგი ბეგაძე აცხადებს ეთნოსოფელში მიწის ნაკვეთების 75%-ს უკვე კერძო მესაკუთრე ჰყავს.

მისი თქმით, ამჟამად, ეთნოსოფელში მთავარი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„პროექტს დაემატა საერთო მოხმარების ღია აუზი, რომლის მოწყობაც დაწყებულია, ასევე საკალათბურთო მოედანი და სპორტული ინფრასტრუქტურა. ორივე ქუჩაზე განათება გაკეთებულია. მიმდინარეობს მეორე ქუჩის მოწყობის სამუშაოები. ვენახები გაშენებულია და პირველი ნიშანი ვაზმა 2021 წელს უკვე მოგვცა. 2022 წლის ბოლოს მთავარი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდება.

დღეისთვის დასრულებულია 6 ვილა და 3-ის მშენებლობა კი გაზაფხულზე დაიწყება. მიწის ფართების 75% უკვე გაყიდულია და თავისუფალი მხოლოდ 25% დარჩენილი, თუმცა მფლობელებმა შეიძლება სახლების აშენების გადაწყვეტილება მოგვიანებით მიიღონ. პროექტი აღმართზე ავიდა და დასრულდება“, – აღნიშნა პროექტის ავტორმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხროციელება 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო, ჯამში 50 სახლის აშენებას და საჭირო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.