ახალი ამბები

გაიცანით ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდა, რომელიც სოციალურად დაუცველებს ეხმარება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები ახალგაზრდა, ნიკოლოზ გოგოლაძე, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება.

ახალგაზრდა თანხას აგროვებს და ოჯახებს როგორც სურსათით, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებით ამარაგებს. ნიკოლოზი აცხადებს, რომ უკვე ექვსი წელია აღნიშნული საქმიანობით არის დაკავებული. მისი თქმით, ქველმოქმედებით განსაკუთრებით პანდემიის დროს დაინტერესდა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას დღემდე სხვადასხვა გზით ცდილობს.

,,დავიბადე და გავიზარდე სოფელ შრომაში. დავამთავრე შ.პ.ს ,,ინტერბიზნესის” აკადემია სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე. შემდგომ ჩავაბარე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე და ვარ ბოლო კურსის სტუდენტი.
საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ უკვე 6 წელია. ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებოა ჩემი და ჩემი მეგობრის დაარსებული facebook ჯგუფი “ხელი-ხელს”, რომლის მეშვეობითაც ხალხს უკვე 6 წელია მოვუწოდებთ ქველმოქმედებისთვის”,-
განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ გოგოლაძემ.

მისი თქმით, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, შემოწირული თანხით სოციალურად დაუცველებისთვის პროდუქტს და მედიკამენტებს ყიდულობს.

,,პანდემიის დროს, როდესაც სრული ლოქდაუნი გამოცხადდა და სოფელში დავბრუნდით სტუდენტები, აქტიურად ჩავერთეთ ქველმოქმედებაში. შეგროვილი თანხით კი ვყიდულობთ პროდუქტს და მედიკამენტებს. ვახარისხებთ და მივდივართ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, გაჭირვებულების დასახმარებლად. საკვებ პროდუქტებთან ერთად ვაგროვებ ტასაცმელს, სათამაშოებს და სხვადასხვა ნივთებს. ასევე, ვთანამშრომლობდი ,,წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ვიყავი მოხალისე, რომლის ფარგლებშიც არაერთი პროექტი განმიხორციელებია”,- განაცხადა ახალგაზრდამ.

ნიკოლოზი განმარტავს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მძიმე სოციალური ფონია და ახალგაზრდები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ხშირად ერთიანდებიან.

,,ჩემს მხარეში უმძიმესი სოციალური ფონია, რომელსაც უკვე 6 წელია ვებრძვით. სასიკეთოდ შევცვალეთ ბევრი ადამიანის ცხოვრება, თუმცა ეს არ კმარა. ჩვენ გაჩერების უფლება არ გვაქვს და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა გავერთიანდეთ ერთმანეთის დასახმარებლად. ნებისმიერ შემოწირულობას ვიღებთ”.

ახალგაზრდა ასევე იხსენებს თუ როგორ დაეხმარნენ ორ მოხუცს და როგორ გადააჩინეს მათი სიცოცხლე.

,,მინდა ორი მოხუცი გავიხსენო და გიამბოთ მათ შესახებ: პირველი ჩვენი ვალია ბებო იყო, რომელიც აღმოვაჩინეთ მე და ჩემმა მეგობარმა. როდესაც მასთან მივედით, მომაკვდავი დაგვხდა და აღარაფრის სჯეროდა, მხოლოდ სიკვდილზე ფიქრობდა. მშიერი და დაუძლურებული მოხუცის ცხოვრებას ის გარემოებაც ამძიმებდა, რომ მას ორი შვილი და შვილიშვილი ყავს გარდაცვლილი. რაც გავაკეთეთ პირველი, ლაივი ჩავრთეთ, რომ ადამიანებისთვის გვეჩვენებინა, როგორ ცხოვრობდა ის. მოვუყევით საზოგადოებას თუ როგორ აყარეს მეორე სართულიდან იატაკის ფიცრები, რომ მისი გარდაცვლილი ოჯახის წევრებისთვის სასახლე შეეკრათ. მას შემდეგ 4 წელი გადის და იმდენი გავაკეთეთ, რომ მოხუცს რწმენა დავუბრუნეთ, მას სიცოცხლე უხარია.

რაც შეეხება მერი ბებოს, რამდენიმე კვირაა აღმოვაჩინეთ. როდესაც პროდუქტებს ვარიგებდით, მან შველა გვთხოვა და გვითხრა მშიერი ვარო. სტუმრობისას, გვითხრა, რომ სამი შვილი მოუკვდა- პირველი ავარიით, მეორემ თავი მოიკლა და მესამე, ცოტა ხნის წინ, ფილტვის დაავადებით გარდაეცვალა. აღარავინ ყავს 63 წლის ბებოს და არავის იმედი აღარ ქონდა. ვიფიქრეთ მე და ჩემმა მეგობარმა რისი გაკეთება შეგვეძლო. გადავწყვიტეთ მისი დეპრესიიდან გამოყვანა და ვუთხარით, რომ თუ ცხოველებს მოუვლიდა, მას ძროხას ვუყიდიდით. სოციალურ ქსელში აქტიურად დავიწყეთ მისი პრობლემების გაშუქება და დაახლოებით 1 კვირაში შევძელით 2 000 ლარის მოგროვება. საბოლოოდ მას ძროხა ვუყიდეთ და გავახარეთ”,- აცხადებს ნიკოლოზი Knews.ge-სთან საუბრისას.

ნიკას და მის მეგობრებს სამომავლოდ უამრავი გეგმა აქვთ. ამ ეტაპზე, მათი მიზანია ლაგოდეხში მცხოვრები ვალია ბებოს დახმარება, რომელსაც, მიუხედავად მძიმე პირობებისა, სოციალურ დახმარებას არ აძლევენ. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, მოხუცის დასახმარებლად, სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყონ.

ნიკოლოზი მეგობრებთან ერთად, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად კვლავ გეგმავს სხვადასხვა ნივთების გაყიდვას და თანხის მობილიზებას.