სემეკი შეისწავლის, რამდენად სწორად დაარიცხეს კომპანიებმა აბონენტებს დენის დავალიანება
სემეკი ერთი თვის განმავლობაში შეისწავლის, რამდენად სწორედ დარიცხეს თბილისში ელექტროგამანაწილებელმა კომპანიებმა „თელასმა” და „თელმიკომ” დავალიანების შესახებ მონაცემები.
როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქეებს ზედმეტად დაერიცხათ თანხები, ასეთ შემთხვევაში კომპანიას დაევალება, ზედმეტად გადახდილი თანხები მემდევნო თვის გადასახადის ანგარიშში ჩაუთვალოს.
„მარეგულირებელ კომისიას გააჩნია უფლებამოსილება, რომ თუ ხარვეზი იქნება მისცეს ვადა და ეს ხარვეზები გამოასწორებინოს. თუ არასწორ დარიცხვებს ექნება ადგილი, ყველა გასწორდება. შესაბამისად, მომხმარებლის სასარგებლოდ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. დარღვევების მასშტაბიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიმსჯელოთ დაჯარიმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გასულ წელს ორივე კომპანია გვყავს დაჯარიმებული.
გაფრთხილებული გვყავს, რომ არასწორი დარიცხვების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება. თუ მასშტაბური ხასიათის დარღვევებს ექნება ადგილი, გასულ წელს გამოყენებული ჯარიმები გაორმაგდება. თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქეებს ზედმეტად დაერიცხათ თანხები, ასეთ შემთხვევაში კომპანიას დაევალება, რომ ზედმეტად გადახდილი თანხები მემდევნო თვის გადასახდელების ანგარიშში ჩაუთვალოს, ამდენად მომხმარებლები არ დაზარალდებიან”,- აღნიშნავს ნარმანია.
კითხვაზე, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ კომპანიები დროებით მმართველობაში გადავიდნენ, ნარმანია განმარტავს, რომ ლიცენზიის ჩამორთმევა მხოლოდ განსკუთრებულ შემთხვევებში ხდება, კერძოდ, როდესაც კომპანია ვერ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც სალიცენზიო წესებით არის განსაზღვრული.
„თუ მასშტაბური იქნება, ყველასთვის არასწორად იქნება დარიცხვა, ასეთ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ, თუმცა, არ მგონია, ვნახოთ. რა ტიპის დარღვევა იქნება“, – აღნიშნავს ნარმანია.
რაც შეეხება, თავად კომპანიებს, სემეკში გამართულ სხდომაზე „თელასისა” და „თელმიკოს” წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი თანამშრომლობისთვის მზად არიან. როგორც „თელასის” წარმომადგენელმა აღნიშნა, კომისია მუშაობის პროცესში დარწმუნდება, რომ კომპანიაში სისტემურ პრობლემებს ადგილი არ აქვს.
ცნობისთვის, არაერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი მისდის. ამასთან, გასულ წელს სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო “თელასი” 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმა.