სოფელ ჯუგაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, რომელიც ამავე სოფელში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ეკუთვნის
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, რომელიც ამავე სოფელში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ეკუთვნის.
საცხოვრებელ სახლს, წუხელ, გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად დამწვარია სახლის სახურავი და კარ-ფანჯარა.
30 იანვარს, 47 წლის მამაკაცმა, მეზობელი ქალი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მოკლა. ბრალდებულის მეუღლე, ამბობს, რომ ხანძრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, რადგან თბილისიდან თელავში მეუღლის სასამართლო პროცესზე მიემგზავრება.
მკვლელობაში ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე,თელავის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. მამაკაცს ბრალი გუშინ ოფიციალურად წაუყენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.