ახალი ამბები

„საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციას ახორციელებს

„საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციას ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბური სამუშაოების სრულად განხორციელების შედეგად, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების 5 სოფლის (ხირსა, ხორნაბუჯი, ქვემო მაჩხაანი, ანაგა, სამთაწყარო) 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე.

მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, იწმინდება და წესრიგდება 13 კმ სიგრძის არხი; 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ კახეთის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

„სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას ინტენსიურად ვახორციელებთ. კახეთის რეგიონში სამუშაოები მიმდინარეობს ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ერთ-ერთ ძირითად გამანაწილებელზე, რომელიც წყალს აწვდის მაგისტრალური არხის ბოლო მონაკვეთებს, სადაც ავარიული მდგომარეობა იყო და არხს გამტარუნარიანობა შეზღუდული ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ არხის რეაბილიტაციით, 1200 ჰექტარ სავარგულზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება“, – განაცხადა დავით წითლიძემ.

პროექტის ღირებულება 2 115 000 ლარია.