ახალი ამბები

მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებისათვის ახალი პროგრამა BGROW შეიქმნა

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ახალი პროგრამა – BGROW შეიქმნა.

როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას BGROW-ს პროგრამის ავტორმა და ACT-ის დამფუძნებელმა თიკა რუხაძემ განაცხადა, საკონსულტაციო მომსახურება დიდი ფუფუნებაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და სწორედ ეს გახდა BGROW-ს შექმნის მიზეზი.

„ჩვენი პროგრამის მიზანია, ბიზნესკომპეტენციების გაზრდითა და მენტორების გრძელვადიანი მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესმმართველებმა მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეძლონ“, – აღნიშნავს BGROW-ს პროგრამის ავტორი.

BGROW-ს პროგრამას 11 ბიზნეს მენტორი ჰყავს, რომლებიც საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბიზნესმმართველები და ტოპ-მენეჯერი არიან.

„ორი ტიპის მენტორები გვყავს: კონპეტენციის მენტორები, რომლებიც ბიზნესდომეინებში ცოდნას გადასცემენ და ბიზნესმენტორები, რომლებიც მთელი 6 თვის განმავლობაში მონაწილეებს მხარდაჭერას გაუწევენ. ამ ადამიანების შერჩევის მთავარი პრინციპი იყო ის, რომ უნდა ჰქონოდათ დიდი გამოცდილება კონკრეტულ კონპეტენციაში ან ბიზნესის მართვაში და უნდა ყოფილიყვნენ პრაქტიკოსები”, – განაცხადა თიკა რუხაძემ.

ზრდისა და განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ BGROW-ს საიტზე 1 აპრილამდე. BGROW-ს უნიკალური მიდგომა 3 კონტინენტზე, 25-ზე მეტ ქვეყანაში ACT-ის ბიზნესებთან წარმატებული თანამშრომლობის 20-წლიან გამოცდილებას ეფუძნება.