NDI-გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მთავარი გამოწვევა ეკონომიკური სიდუხჭირეა
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე – როგორ მიმართულებით ვითარდება საქართველო, 2021 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 27% ამბობს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 21% ამბობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.
მაჩვენებლები მცირედით არის შეცვლილი გასული წლის თებერვლისა და ივლისის მონაცემებთან შედარებით.
გარდა ამისა, კვლევის ავტორებმა მოქალაქეებს ჰკითხეს, თუ რომელი ეროვნული დონის გამოწვევებია მათი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი. გამოკითხულთა უმრავლესობა ეკონომიკურ სიდუხჭირეს ასახელებს. პროცენტული მაჩვენებლები კი ასე გადანაწილდა: სიღარიბე – 32%; ფასების ზრდა/ინფლაცია -32%; სამუშაო ადგილები – 29%; ტერიტორიული მთლიანობა – 16%; პენსიები – 13%; განათლება – 11%; ხელფასები – 11%, კორონავირუსი – 6%; ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება, რუსეთთან ურთიერთობა – 2-2%; კრიმინალი – 2% და ა.შ.
კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა; საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ.