ახალი ამბები

კახეთში 2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში 2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ახმეტაში მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი სპეციალურად მოწყობილ შენობაში ჰქონდა განთავსებული. საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წიფლის სახეობის 24 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).

მეორე სამართალდარღვევა კი, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილაში გამოავლინეს. მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო წიფლის სახეობის 1 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.