მოქალაქეები- თელავში, ყოფილ სამხედრო ქალაქში, მინი-სტადიონის ასაშენებლად ხეებს ჩეხენ
თელავში, ყოფილ სამხედრო ქალაქში, მინი-სტადიონის ასაშენებლად ხეებს ჩეხენ.
ადგილზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “პარამეტრი” ასრულებს, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაბამისი ხელშეკრულება 2021 წლის 11 ნოემბერს გაუფორმა. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ნებართვაც ტერიტორიაზე სტადიონის ასაშენებლად და ხეების მოსაჭრელად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ გასცა.
ხეების ჩეხვას ყოფილ სამხედრო ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ადგილზე ძვირფასი ჯიშის ხეებიც იჭრება. ადგილობრივები თვლიან, რომ სტადიონის მოსაწყობად, ამავე ტერიტორიაზე არსებული ყოფილი საბავშვო ბაღისა და ამორტიზებული კორპუსის დანგრევა, მწვანე გარემოს არ დააზიანებდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი განმარტავს, რომ მინი- სტადიონის მოწყობა, მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
“წლებია ამ ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურა არ მოწყობილა. ეს იყო წინასაარჩევნო დაპირება და ვასრულებთ. ტერიტორია არის მუნიციპალური საკუთრება, შესაბამისად, ნებართვაც ჩვენ გავეცით. ხეებს რაც შეეხება, არცერთი ძვირფასი ჯიშის და მრავალწლოვანი ნარგავი არ იჭრება და არ ნადგურდება. ნეკერჩხლის ხეები, რომელიც დგას ამ ადგილას, ხელუხლებელი რჩება. ამორტიზებული შენობები კი ჩვენი საკუთრება არ არის და მის დემონტაჟს ჩვენ ვერ შევძლებდით”- განაცხადა ანდრიაშვილმა.
მინი- სტადიონის მოსაწყობად, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 160 ათასი ლარი დაიხარჯება.