ახალი ამბები

დედოფლისწყაროში წარმოებული რძის პროდუქტები კანადასა და ისრაელში ექსპორტზე გავა

ნედლი რძის პროდუქტების მწარმოებელი ქართული კომპანია „შირაქი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს.

ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, ადგილობრივ ბაზარზე ნედლი რძისგან წარმოებული პროდუქტების დეფიციტია, ამიტომ “შირაქი” აქტიურად მუშაობს ადგილობრივ ბაზარზე.

ბენიაიძე განმარტავს, რომ როდესაც სხვა ქვეყნებიდან კარგი შემოთავაზება და განვითარების კარგი საშუალებაა, კომპანია ამ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. დღეისთვის „შირაქს“ საინტერესო შემოთავაზებები კანადიდან და ისრაელიდან აქვს, რაზეც აქტიურად მუშაობენ.

ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, რომ კომპანია დღიურად 8-10 ტონა ნედლ რძეს ამუშავებს, რომლის 15-20% ექსპორტზეა მიმართული და ეს მოცულობა ახალი ბაზრების ათვისების შემთხვევაში გაიზრდება, თუმცა რამდენით ჯერ ვერ აკონკრეტებს.

დღეისთვის „შირაქის“ ბრენდის ყველი სინგაპურში, დუბაიში, საფრანგეთსა და აშშ-შიც გადის, თუმცა ამ მიმართულებით ყველის გარდა მაწვნის ექსპორტიც ხდება.