ლაგოდეხის ნაკრძალში ნინოსხევის ჩანჩქერთან მისასვლელი ახალი ბილიკი მოეწყო
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებზე, ნინოსხევის ჩანჩქერთან მისასვლელი ახალი ბილიკი მოეწყო.
როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ განაცხადა, ახალი ბილიკის დასაწყისიდან 1 კმ-ში მოეწყო საკარვე ადგილი, საპირფარეშო, ფანჩატური. ბილიკზე არის ასევე მოსასვენებელი ადგილები (სკამები).
“ძველ ბილიკზე მდინარის რამდენჯერმე გადაკვეთა იყო საჭირო. ხშირად ხდებოდა მდინარის მოულოდნელი ადიდებაც. შესაბამისად, ახალი ბილიკის გაკეთების ერთ-ერთი მიზანი იყო, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. ახალი ბილიკი ისე გაიჭრა, რომ მდინარის გადაკვეთა მხოლოდ ერთხელ გიწევს. ამ ეტაპზე ერთი მარტივი ტიპის საფეხმავლო ხიდია გაკეთებული, ადრე ასეთი 5-6 გვჭირდებოდა. მაგრამ ვმუშაობთ, რომ შედარებით კაპიტალური და კარგი ხიდი გაკეთდეს.
ბილიკის სიგრძე გაიზარდა, კიდევ უფრო საინტერესო და ლამაზი მონაკვეთების ნახვაა შესაძლებელი. ახალ სეზონს ახალი ბილიკით შევხვდებით”, – აღნიშნა გიორგი სულამანიძემ.
გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, ახალი ბილიკის ერთი გზა 8 კილომეტრია, სიგანე 1.20 მ. ბილიკის დასაწყისი სოფელი ხიზაბავრას დასასრულიდან იწყება. ლაგოდეხამდე, ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაახლოებით 4 კმ. ასფალტირებული გზა მიდის საფეხმავლო ბილიკის დაწყებამდე. ბილიკის დასაწყისში საინფორმაციო დაფაა განთავსებული, იქვეა რეინჯერთა სადგური.
გიორგი სულამანიძის თქმით, მისი რეკომენდაციაა, ვიზიტორებმა ძველი ბილიკით აღარ ისარგებლონ.