“მიზანმიმართული შავი პიარი“ – “ყვარლის სარდაფი“ ბელარუსში ღვინის აკრძალვაზე

„ეს მიზანმიმართული შავი პიარია“ – ასე პასუხობს ბელარუსული გამოცემის მიერ ქართული ღვინის “კახეთის ღვინო” რეალიზაციისა და შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიას, ღვინის მწარმოებელი კომპანია “ყვარლის სარდაფის“ დირექტორი ნიკოლოზ შეყრილაძე.

მისი თქმით, „ყვარლის სარდაფმა“ ბელარუსში 20 000 ბოთლი ღვინო 2021 წლის ზაფხულში გაიტანა, რის შემდეგაც ქვეყანაში ღვინის სტანდარტების მიმართ მოთხოვნები შეიცვალა და ქართულმა მწარმოებელმა ეს მოთხოვნები დააკმაყოფილა და მას შემდეგ ღვინო ექსპორტზე მათ შორის ბელარუსის მიმართულებითაც შეფერხების გარეშე გააქვს. გარდა ამისა, ნიკოლოზ შეყრილაძე აღნიშნავს, რომ აკრძალული ღვინოების სიაში ზაფხულში როგორც ქართული, ასევე ესპანური და სხვა ქვეყნის წარმოების ღვინოებიც მოხვდნენ.

„ბელარუსი ბიზნესის კუთხით არასტაბილური ბაზარია. ღვინო, რომელზეც ეს სტატია დაიწერა, ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა ბელარუსში მოხდა ასეთი რამ: საკვები დანამატი E 200 1 ლიტრ ღვინოზე ძალიან მცირე რაოდენობით ემატება, რათა შენახვის არასათანადო პირობების შემთხვევაში, ღვინომ დუღილი არ დაიწყოს. ამ ნივთიერების ღვინის შემადგენლობაში მოხვედრა დასაშვებია ყველა განვითარებულ ქვეყანაში, თუმცა ბელარუსმა ეს დანამატი ზაფხულის შემდეგ აკრძალა, რის გამოც სტანდარტების შეცვლამდე გატანილი ღვინოც აკრძალულ ღვინოებს შორის მოხვდა. ეს პარტია ზაფხულში გავუშვით და ივლისის ბოლოს გავიგეთ რომ ღვინის მიმართ ბელარუსმა მოთხოვნები შეცვალა, მხოლოდ ამის შემდეგ შევცვალეთ ეს საკვები დანამატი ბელარუსის მიერ მოთხოვილი სტანდარტების მიხედვით. რეალიზაციიდან ამოღებული 20 000 ბოთლი ღვინის ზარალი კი ჩვენს ბელარუს პარტნიორთან ერთად გავინაწილეთ“, – განაცხადა bm.ge-სთან კომპანიის დირექტორმა.

„ყვარლის სარდაფის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კომპანია თავისი ღვინოებით ბელარუსში საკმაოდ კარგად პოზიციონირებს და მაგალითისთვის აცხადებს, რომ 2021 წელს მხოლოდ ბელარუსში 1 მლნ ბოთლი ღვინის რეალიზება მოახდინეს. მისი თქმით, დღეს ბელარუსული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია კომპანიის წინააღმდეგ მიმართული შავი კამპანიაა.

„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ბელარუსის ბაზარზე და კონკრეტულად ჩვენს კომპანიაზე რატომ დაიწერა ამ ტიპის სტატია, არ ვიცით, ვფიქრობთ, რომ ეს მიზანმიმართული შავი პიარია“, – აღნიშნა ნიკოლოზ შეყრილაძემ.