ახალი ამბები

თელავში ადგილობრივმა უკანონო ნაგავსაყრელზე დატოვებული მკვდარი ძაღლები იპოვა

ქალაქ თელავში მცხოვრები მოსახლეობა აკვაპარკთან მოწყობილ უკანონო ნაგავსაყრელზე დატოვებული მკვდარი ძაღლების ტერიტორიიდან გატანას ითხოვს.

აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ცხოველების მოყვარულთა ჯგუფში ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფოტოები და ვიდეოები გაავრცელა და შესაბამის სამსახურებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

,,დახოცილი ძაღლებით არის სავსე აკვაპარკის გალავნის გარედან არსებული ტერიტორია, სადაც ნაგავსაყრელია მოწყობილი. რა დაგიშავათ ამ უცოდველმა არსებებმა? დროულად უნდა მოხდეს რეაგირება ამ ფაქტზე და ვთხოვთ შესაბამის სამსახურებს დაინტერესდნენ ამ ფაქტით”, –წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივების თქმით, ბოლო დროს გახშირდა მიუსაფარი ცხოველების მოკვლის და წამების ფაქტები. ისინი თელავის მუნიციპალიტეტის მერიას პრობლემის დროულად მოგვარებას თხოვენ.