ახალი ამბები

თელავის რაიონულმა სასამართლომ, ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

ლაგოდეხში, ყოფილი მეუღლის ნონა ჭაბაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც გირაოს 5 ათასი ლარის ოდენობით ითხოვდა.

პროცესზე ბარბაქაძემ წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა მას სიტყვის უფლებით არ უსარგებლია. წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 10 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

სასტიკი მკვლელობა ლაგოდეხში, ერთ – ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2022 წლის 15 იანვარს მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია გახდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პროცესში პოლიცია და ექსპერტიზის ბიურო ჩაერთო ეს ვერსია მალევე გამოირიცხა.

გამოძიებით დადგინდა, რომ კონფლიქტის ნიადაგზე გიორგი ბარბაქაძემ მისი მეუღლე ჯერ გაგუდა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბარბაქაძე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

38 წლის კაცს ბრალი გუშინ კახეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში სახაზინო ადვოკატის თანდასწრებით ოფიციალურად წარუდგინეს.

მომხდარზე გამოძიება 11, 109- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ბარბაქაძეს 13 -დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.