ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შესაძლოა, იჯარით გაიცეს

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შესაძლოა, იჯარით გაიცეს. აღნიშნული ინიციატივა „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის, რომელიც პარლამენტს მალე წარედგინება.

მისი თქმით, კერძო კაპიტალი თუ არ შევა ციხესიმაგრეებში, ყველა განადგურდება. როგორც მან აღნიშნა, საგაზაფხულო სესიაზე, მისი მოხსენება სწორედ ამ საკითხს შეეხება და პარლამენტს წარედგინება ინიციატივა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით.

„ციხე-ქალაქები, ციხე-დარბაზები, კოშკები, რომლები ათასობით არის საქართველოში განადგურების პირასაა. როდესაც ამ საკითხს ჩავუღრმავდი და ვფიქრობდი, ანონსად ვამბობ, რაზეც მე საგაზაფხულო სესიაზე მექნება მოხსენება და ახლავე შემიძლია ვთქვათ, რომ კერძო კაპიტალი თუ არ შევა ციხესიმაგრეებში, ყველა განადგურდება, აბსოლუტურად.

თუ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ეს მემკვიდრეობა, კერძო კაპიტალი უნდა შევიდეს. აქ არის ფორმები, შეიძლება ძალიან გრძელვდიანი იჯარები. ეს არის მთელ დასავლეთ ევროპაში. ახლა რასაც ვუყურებ, ჩეხეთშია ციხესიმაგრეები გამოტანილია გასაყიდად, იტალიაში არაჩვეულებრივი პროგრამაა, სადაც 1 ევროდ აძლევენ 9-წლიანი იჯარით და კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით. ავსტრიაში, შოტლანდიაში, ინგლისში და იქ ძალიან პრესტიჟულია ციხესიმაგრეში ცხოვრება.

ერთ-ერთი ყველაზე მოვლილი ობიექტი, რომლის იჯარით გაცემის წინააღმდეგი ვიყავი და აქვე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ვნანობ მაშინდელ ჩემ პოზიციას, იმიტომ, რომ უცოდინრობით მომივიდა, ორს ვიტყვი, ეს არის შატო-მუხრანი, ივანე მუხრანბატონის მემკვიდრეობა, რომელიც იყო განადგურებული და კერძო კაპიტალის შედეგად არის ახლა ასეთი მოვლილი, როგორიც არის.

ასევე წინანდლის მამულის გასხვისების წინააღმდეგი ვიყავი, აბა შეხედეთ ახლა როგორ გამოიყურება წინანდალი, შედიხარ და გიხარია ქართველი რომ ხარ, ისეთი განვითარებაა. ყველაზე კარგად რეაბილიტირებული ძეგლია, ყველაზე მოვლილია. გარდა ამისა, კაპიტალის შესვლის შემთხვევაში უამრავი ადამიანი დასაქმდება, და პირველი არის ის, რომ გადარჩება ძეგლი. ფიზიკურად ჩვენ ამდენი ფული არ გვაქვს,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.