თელავში ,,ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა
კახეთის რეგიონში, კონკრეტულად კი თელავის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის ახალი შტამით, ,,ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი შტამით ინფიცირებული პირები ერთი ოჯახის წევრები არიან, რომელთა შორის სამი არასრულწლოვანია. ახალი შტამი ოჯახს თბილისიდან თელავში ჩასული, ომიკრონით ინფიცირებული, ნათესავისგან გადაედო.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები ბევრად მეტია, ვიდრე ოფიციალურად ლუგარის ლაბორატორიაში გამოკვლეული.
“კვლევას ვატარებთ იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგიურად დავადგინოთ შტამი შემოსულია თუ არა. ჩვენ გამოვიკვლიეთ ორი ადამიანი, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ შემთხვევები ბევრად მეტია. ინფიცირებული ორივე პაციენტი ვაქცინირებულია. ერთი გახლავთ სრულიად უსიმპტომო, მეორესთან მსუბუქი მიმდინარეობა გვაქვს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და ეს არის თბილისიდან ჩამოტანილი შემთხვევები. რეგიონში ომიკრონმა უკვე გავრცელება დაიწყო,”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ნახტომისებური ზრდა, 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 46 პაციენტი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები, ჯერჯერობით არ დაწესებულა.

