როგორი იქნება ღია კინოთეატრი, რომელიც სოფელ აფენში აშენდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ღია კინოთეატრი აშენდება. შენობაში ახალგაზრდებისთვის როგორც გასართობი, ისე შემეცნებითი სახის სივრცეების იქნება განთავსებული.
პროექტის იდეის ავტორი 31 წლის ახალგაზრდული მუშაკი გიორგი ედიშერაშვილია. ის უკვე 4 წელია ლაგოდეხში ცხოვრობს და მოზარდებს და ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო ისეთ სერვისებს სთავაზობს, რომელთაც ისინი ოჯახში და ფორმალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლებში) ვერ იღებენ.
“ახალგაზრდული საქმიანობა – ეს პროფესიაა, რომელიც წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობას. ახალგაზრდული მუშაკი ახალგაზრდებისთვის ქმნის მყუდრო, მათთვის საინტერესო, უსაფრთხო გარემოს. ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად გეგმავს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს, რომელიც იმავდროულად ხელს უწყობს ახალგაზრდებში საბაზისო კომპეტენციების განვითარებას. ახალგაზრდული მუშაკი ახალგაზრდებთან მუშაობისას იყენებს სხვადასხვა, მრავალფეროვან მეთოდოლოგიას. ხშირად ახალგაზრდული მუშაკი გვევლინება როგორც ტრენერი, ფასილიტატორი, ქოუჩი, ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის გამზიარებელი მათთვის საჭირო და საინტერესო სერვისებზე. სწორედ ახალგაზრდების მეშვეობით, 2021 წელს ერთად მოპოვებული მცირე გრანტით, სკოლის ეზოში არსებული ერთ-ერთი შენობა აღვჭურვეთ და მაშინვე ვაქციეთ, მაღალი ავტონომიის მქონე ახალგაზრდულ სივრცედ. რამდენიმე დღის წინ კი ახალგაზრდებმა დამოუკიდებლად დაიწყეს სივრცის მოხატვა და მის დიზაინზე ზრუნვა.
ამავდროულად, პრაქტიკულად დავასრულეთ აფენის პირველი საჯარო სკოლის ეზოში ღია კინოთეატრის მშენებლობა, რომელიც 60 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, ” – განაცხადა გიორგიმ.
მისი თქმით ახალგაზრდების დიდი ნაწილი, არა მხოლოდ აფენში, არამედ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ხშირად უჩივის არაფორმალური ახალგაზრდული სივრცეების არარსებობას, რომელიც 2021 წელს ჩატარებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაში ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა.
“სკოლის შემდეგ მოსწავლეები ან ისევ მასწავლებლებთან მიდიან სხვადსხვა საგანში მოსამზადებლად, ან სახლში არიან და სმარტფონს სქროლავენ. მათ არ აქვთ ადგილი, სადაც თავისუფალ დროს საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარებენ. ჩვენ, სკოლაში, ხშირად ვსაუბრობდით ასეთ ადგილის მოწყობის იდეაზე. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, მეათე კლასის მოსწავლეებთან, გაჩნდა იდეა, მონაწილეობა მიგვეღო ,,ორბელიანი მეტის“ გამოცხადებულ იდეების კონკურსში და აგვეშენებინა აფენის ღია კინოთეატრი,”- განაცხადა ედიშერაშვილმა.
გიორგი აცხადებს, რომ ახალგაზრდების დამუშავებული და წარდგენილი იდეა საბოლოოდ ფონდმა მოიწონა და გარკვეული თანხით დააფინანსა, ასევე საშუალება მიეცათ საკუთარ პლატფორმაზე (ORBELIANIMETI) ეწარმოებინათ ,,ქრაუდფანდინგის“ (სახალხო დაფინანსება) კამპანია.
“თანხის შეგროვების პროცესში აქტიურად ჩაერთო მოსახლეობა, მშობლები, მასწავლებლები. ჩავატარეთ რამდენიმე ღია ღონისძიება, კონცერტები. შეგროვილი თანხა კი კინოთეატრის ბიუჯეტში შეგვქონდა. მცდელობის მიუხედავად, სამშენებლო მასალები საკმაოდ ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა, თუმცა არ დავნებდით და ამჯერად დახმარება ჩემს იტალიელ კოლეგებს ვთხოვე, რომლებიც ტიროლის რეგიონში, ქალაქ ბოლძანოში ცხოვრობენ.
ოთხის წლის წინ ერასმუს პლიუსის გაცვლითი პროგრამით მათ ქალაქში ვცხვრობდი და ზუსტად ვიცოდი, ფინანსურ მხარდაჭერაზე უარს არ მეტყოდნენ. საპროექტო იდეის გაგზავნიდან რამდენიმე დღეში, ჩემმა იტალიელმა მეგობრებმა მეორადი ტანსაცმლისგან საინტერესო ნივთები დაამზადეს, ღია ბაზრობა მოაწყეს და შემოსული თანხა (6 000 ლარამდე) ანგარიშზე დაგვისვეს.
წარმოიდგინეთ, რამდენად მაგარი პრეცედენტია, როცა შორეული ტიროლიდან, ალპების პატარა ქალაქის რამდენიმე მცხოვრები, შენი ქვეყნის ერთ-ერთი სოფლის ახალგაზრდებისთვის ასეთ რამეს აკეთებს. ასეთი მაგალითები მიჩენს განცდას, რომ საქმე, რასაც ვაკეთებ, დიდებულია. თუკი რამეს მოინდომებ, აუცილებლად გამოვა,”- ამბობს ახალგაზრდული მუშაკი.

აღსანიშნავია, რომ კინოთეატრი სოფელ აფენის პირველი საჯარო სკოლის ეზოში კეთდება, თუმცა ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მისი გამოყენება სოფელში მცხოვრებ სხვა ახალგაზრდებსაც შეეძლებათ. საველე კინოთეატრს გამოიყენებენ როგორც მოსწავლეები, მათთვის საინტერესო ფილმების, სპორტული თუ კულტურული ღონისძიებების საყურებლად, ასევე მასწავლებლები პრეზენტაციებისთვის, შემოქმედებითი საღამოებისთვის. სივრცეში შესაძლებელი იქნება საჯარო შეხვედრების, საერთო კრებების, პრეზენტაციების მოწყობა, თემის პრობლემებზე მსჯელობა და სხვა.
“აფენის პირველი საჯარო სკოლის სივრცეში, მსგავსი ტიპის, არაფორმალური სივრცეების არსებობა და სკოლაში ახალგაზრდული საქმიანობის დანერგვა ერთ-ერთი იშვიათი პრეცედენტია. იმედი მაქვს, სხვა საჯარო სკოლებიც შეუწყობენ ხელს სასკოლო ცხოვრებაში ახალგაზრდული საქმიანობის ინტეგრირებას. ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს მოსწავლეთა საჭიროებების და ინტერესების დაკმაყოფილებას,”- განაცხადა გიორგი ედიშერაშვილმა.

