ამირან გამყრელიძე- “ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი რეკომენდაცია ბუსტერ დოზით აცრაა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, კორონავირუსმა კიდევ განიცადოს მუტაცია.
ამის საფუძველს კი, რამდენიმე დღის წინ, ვირუსის ახალი ვარიანტის გაჩენაც ადასტურებს.
„დღეს „ბუსტერი“ და ბუსტერიზაცია“ გახლავთ „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაცია, რამეთუ ბუსტერიზირებულ, განსაკუთრებით, „ფაიზერით“ ბუსტერიზირებული მოსახლეობა უფრო მყარად დაცულია „ომიკრონთან“ მიმართებით, მაგრამ მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. შესაძლებელია, ამ ვირუსმა კიდევ მრავალი მუტაცია განიცადოს. ამის დადასტურება გახლავთ ის, რომ გაჩნდა ახალი მუტაცია, რომელიც ისევ კამერუნის შემთხვევებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა ჩაიტარონ ვაქცინაცია და სრულად დაიცვან რეკომენდაციები.
„37% გვაქვს პირბადის ტარების მაჩვენებელი, რაც ძალიან დაბალია. სასურველია, რომ 95%-ზე ავიდეთ. ხშირად ვიმეორებ, რომ თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე, აპრილამდე 2 ათასი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, შესაძლოა, „ომიკრონის“ შტამი პანდემიის დასრულების დასაწყისი იყოს.
„არ არის გამორიცხული, რომ „ომიკრონი“ პანდემიის დასრულების დასაწყისი იყოს. შედარებით დასუსტებულმა ვირუსმა, სადაც მისი აგრესიულობა მცირდება, სწრაფად გამოიწვიოს პოპულაციური იმუნიტეტი და ამით ხელი შუწყოს მასობრივად პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას აცრებთან ერთად“, – განაცხადა გამყრელიძემ.