პირი, რომელმაც თელავის მთავარ ნაძვის ხეზე ხანძარი გააჩინა, იდენტიფიცირებულია
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირი, რომელმაც თელავის მთავარ ნაძვის ხეზე ხანძარი გააჩინა, იდენტიფიცირებულია.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხანძრით მიყენებული ზარალის დადგენის შემდეგ, მერია ზიანის ანაზღაურებასაც მოითხოვს.
,,დილის ცხრის ნახევრიდან მიმდინარეობს მუშაობა და ხანძრით გამოწვეული ზიანის დადგენა. ამის შემდეგ, ზუსტად გვეცოდინება, აღსადგენად რა თანხა დაგვჭირდება. ფული ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება. ძალიან სამარცხვინო ფაქტია, რაც მოხდა. პირი, რომელმაც ფოიერვერკი ისროლა, იდენტიფიცირებულია და მერია ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს მას შემდეგ, რაც ზუსტი ოდენობა გვეცოდინება”,- განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.
ხანძარი თელავის მთავარ ნაძვის ხეს 26 დეკემბერს, ღამით, გაუჩნდა. ნაძვის ხის კონკრეტული მონაკვეთის გარდა, ცეცხლმა ძვირადღირებული ილუმინაციები და განათებაც დააზიანა.
საახალწლო ნაძვის ხე თელავში საზეიმო ღონისძიებების თანხლებით აინთო. ზეიმის მოსაწყობად და საახალწლო დეკორაციებისათვის სულ 50 ათასი ლარი დაიხარჯა.