რამდენით შეამცირებს მგზავრობის დროს გურჯაანის შემოვლითი გზა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბაკურციხე-თელავი-ახმეტას საავტომობილო გზის 15,5 კმ-იან მონაკვეთზე (გურჯაანის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ გურჯაანის შემოვლითი გზა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაკურციხე-თელავი-ახმეტას გზას აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან. მათივე ინფორმაციით, ახალი გზა ანახევრებს მგზავრობის დროს.
,,ახალი გზის საშუალებით, გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ ეწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში – ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი. სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა გურჯაანის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს გურჯაანის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება”,- აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა.