ახალი ამბები

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შიმშილობის აქციას შეუერთდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შიმშილობის აქციას შეუერთდა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის განთავისუფლების მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობის აქციას შეუერთდა.

შაქრო ტერტერაშვილი თბილისში უკვე გაემგზავრა და არ გამორიცხავს, რომ აქციას სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებიც შეუერთდნენ.

“ყველა საჭირო ნივთი მოვიმარაგე და მივდივარ თბილისში, სადაც საპროტესტო აქციას შევუერთდები. დარწმუნებული ვარ, სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც ჩამოვლენ, ზოგი უკვე იქ არის. ბრძოლა იქნება ბოლომდე, უსამართლობისა და უპერსპექტივობის დასამარცხებლად”- განაცხადა ტერტერაშვილმა.

შაქრო ტერტერაშვილი, საკრებულოს წევრობის პარალელურად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტსაც იკავებს. შიმშილობის აქციას, გუშინვე შეუერთდა თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველი.

გადაწყვეტილება მასშტაბური შიმშილობის აქციის შესახებ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, გუშინ თბილისში ჩატარებულ აქციაზე გამოაცხადა. პროტესტის მონაწილეებმა, პარტიის სათაო ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები დადგეს და იქ იმყოფებიან.