პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისთვის მიყიდვისთვის ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ქალაქ გურჯაანში, პიროტექნიკით მოვაჭრეებს შეხვდა და კანონით განსაზღვრული სანქციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მერიის ინფორმაციით, საქართველოს კანონის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 156(1) მუხლი ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს: პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის − 200 ლარის ოდენობით.
უწყებაში განმარტავენ, რომ ქმედების განმეორების შემთხვევაში, 1 წლის განმავლობაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი − 400 ლარით.
პიროტექნიკურ ნაკეთობაში იგულისხმება პიროტექნიკური შემადგენლობის ნაკეთობა, რომლის თავისუფალი გაყიდვა ნებადართულია და რომელიც განკუთვნილია სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე მასობრივი, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლის და კომბინირებული (მათ შორის, სასცენო) ეფექტების შესაქმნელად.