აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება
საქართველოში აზარტული თამაშების რეკლამა 2022 წლის მარტიდან აიკრძალება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, გაითვალისწინეს ტელევიზიების თხოვნა და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება.
ამ ეტაპზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავს. ცნობილია, რომ პარლამენტმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
პროექტის თანახმად, კანონში თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნება აისახა. განისაზღვრა დამოკიდებული პირთა სიაში მონაცემების შეტანის წესები და ვადები.
ამავე პროექტით, ქართული საგადასახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით, ონლაინ-გადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.
კანონპროექტის თანახმად, აზარტული თამაშების მინიმალური ასაკობრივი ცენზი 25 წელი იქნება. ასევე, საჯარო მოხელეებს, ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველებს თამაშის უფლება არ ექნებათ. ჯამში, შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება.