ახალი ამბები

თელავის ბიუჯეტიდან ხელფასების ზრდისთვის დამატებით მილიონ 200 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავენ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის საკითხი ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო.

დეპუტატებმა ხელფასების ზრდაზე შემდგომ განხილვებზე უნდა იმსჯელონ და შედეგი 1 იანვრამდე დაამტკიცონ.

სახელფასო ფონდს თელავის ბიუჯეტში ამ მიზნით 1 200 000 ლარი ემატება. ორმაგდება მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი და ის 5 063 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის კი 4 ათას ლარზე მეტი იქნება. ხელფასები გაეზრდებათ სხვა საჯარო მოხელეებსაც, მათი რანგირების შესაბამისად.

დღესვე, დეპუტატებმა იმ ცვლილებების შესახებაც იმსჯელეს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარისათვის, სამი მოადგილის დანიშვნასა და მათთვის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრას ითვალისწინებს.

საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარის, თენგიზ მთვარელიშვილის განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები უკეთესად იქნება დაძლეული.

ცვლილებების განხილვაში მონაწილეობს ოპოზიციაც, თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განმარტებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ- ეკონომიური მდგომარეობის ფონზე, ისინი საკითხს მხარს არ დაუჭერენ.

თანამდებობრივი სარგოების გაზრდის საკითხი, საკრებულომ 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს, მანამდე ცვლილებების შესახებ, კომისიები იმსჯელებენ, რომლებმაც მუშაობა დღეიდან დაიწყეს.