ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნატო-სთან საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობის ფარგლებში.

„გამოაშკარავდა, რომ უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის რეგიონის გარეშე ევროატლანტიკური უსაფრთხოება ვერ შედგება. შავი ზღვის მდგრადი უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ევროატლანტიკური უსაფრთხოების მდგრადი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. ჩვენ მივესალმებით ნატო-ს აქტიურობის ზრდას შავ ზღვაზე, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მხრივ. ასევე, მივესალმებით ნატო-ს გადაწყვეტილებას თავისი სტრატეგიული კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ ღია კარის პოლიტიკა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები სათანადოდ აისახება ამ დოკუმენტში. მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც ქართველი ხალხი დიდად აფასებს და უფრთხილდება“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის.

„საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურებისა და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, რომ მიზანდასახულობას, ერთგულებას და დაუღალავ შრომას რეალური შედეგები მოაქვს. ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომლის ექო ფართოდ გადასწვდება მთელ რეგიონს, ყველა დარწმუნდება, რომ ნატო აქ არის და უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა