დარგობრივმა კომიტეტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა აზარტული და მომგებიანი ონლაინ თამაშების სფეროში რეგულაციებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს კომიტეტის სხდომაზე მოწინააღმდეგე დეპუტატი არ ჰყოლია.
ცვლილებების თანახმად, 25 წლამდე ასაკის პირებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ, ეს აკრძალვა არ შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და სოციალურად დაუცველებს, ჯამში მილიონამდე ადამიანს. ასევე, შეიქმნება დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიები მოთამაშის ან მისი ოჯახის წევრის მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კანონპროექტით, აზარტული თამაშების რეკლამა ტელევიზიით იკრძალება, ხოლო ბიზნესს გადასახადები ეზრდება.
კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის თქმით, კანონის მიღება შეზღუდავს ონლაინტოტალიზატორების და ონლაინკაზინოების ოპერირებას და შემცირდება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მოთამაშეთა ჩართულობის და სოციალური ფონის გაუარესების რისკები.
კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვიაში მონაწილეობდნენ მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ონლაინ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის, ტელემაუწყებლების, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელები.
ტელევიზიების წარმომადგენლები რეგულაციების გამკაცრებას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა ვადებთან და სიმკაცრესთან დაკავშირებით აქვთ მოსაზრებები. ისინი კანონის ამოქმედების გადადებას ითხოვენ, თუნდაც რამდენიმე თვით.
რაც შეეხება სათამაშო ბიზნესის პოზიციას, ონლაინ-კაზინოების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ კანონის მიღებით პრობლემა არ მოგვარდება და თანხა, რომელიც საქართელოს ბიუჯეტში შედიოდა, ქვეყნიდან გაედინება.
დავით სონღულაშვილის თქმით, საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და მსჯელობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ცვლილებები შედის კანონებში: „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში“, „რეკლამის შესახებ“ კანონში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში.
კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა და მას პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს.