კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი კლინიკაშია გადაყვანილი
კახეთის გუბერნატორმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო. ამჟამად მკურნალობას დედაქალაქში გადის.
შემთხვევა კვირას, 12 დეკემბერს, საღამოს მოხდა. თბილისიდან კახეთის მიმართულებით მიმავალი ირაკლი შიოშვილი, ავტომანქანას თავად მართავდა, რა დროსაც, გურჯაანის შემოვლით გზაზე, სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, სახელმწიფო რწმუნებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო. თავდაპირველად პირველადი დახმარება გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალში“ გაეწია. ხოლო მოგვიანებით ის თბილისის ერთ- ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტზე ამჟამად დაკვირვება მიმდინარეობს, რის შემდეგაც მას, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.
ე.წ ტრაილერში მყოფი მგზავრებიდან, არავინ დაზიანებულა. საგზაო შემთხვევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება გავრცელდა. მათ შორის, ის, რომ გუბერნატორი არაფხიზელ მდომარეობაში მართავდა ავტომანქანას, რაზეც თავად შიოშვილმა განაცხადა:
„ვმოძრაობდი ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, თელავის მიმართულებით. სიღნაღში ვიყავი საქმეზე და უკან ვბრუნდებოდი. ეს ამბავი არანაირ კავშირში არ არის იმ ღონისძიებასთან. რედ:(იგულისხმება წინანდალში გამართული „ქართული ოცნების“ პარტიული შეკრება).
საჭესთან მე ვიჯექი და მსუბუქი დაზიანებები მივიღე. სხვა არავინ დაშავებულა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ნასვამობის შესახებ, ეს არის საფუძველს მოკლებული და კიდევ ერთი ტყუილი. იცით, რომ პოსტკოვიდურ პერიოდს გავდივარ და მკურნალობას ვაგრძელებ გართულებებზე. აქედან გამომდინარე, ნასვამი ვერანაირად ვერ ვიქნებოდი”, – აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ფოტოზე: სახელმწიფო რწმუნებულის ავტორმანაქანა ავარიის შემდეგ. ჟურნალისტ კახა კუპატაძის ფოტო.