ახალი ამბები

ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება გადავადდება

არასტაციონარული სავაჭრო ადგილების საკონტროლო სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულება, შესაძლოა, ერთი წლით გადავადდეს.

შესაბამისი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ 2023 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, საგადასახადო კოდექსში 2019 წლის 19 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებებით, 2022 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებულია, საქონლის მიწოდებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი.

აღნიშნულ ვადაში კანონის ამოქმედებისთვის საჭირო იყო გარკვეული მომზადება და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თუმცა ქვეყანაში პანდემიიდან გამომდინარე შექმნილმა მდგომარეობამ, აღნიშნული სამუშაოების ჩატარებისათვის მოითხოვა დამატებითი დრო და შესაბამისად, აუცილებელი გახდა კანონის ამოქმედების ვადის 2023 წლის 1 იანვრამდე გადაწევა.

პარლამენტის წევრ ეკა სეფაშვილის განმარტებით, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია, მიღების შემთხვევაში ჯარიმაც, რომელსაც მოქმედი კანონი ითვალისწინებს, 2023 წლამდე გადავადდება.

„პანდემიამ განსაკუთრებული დარტყმა სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს მიაყენა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ეს ვითარება და ერთი წლით გავახანგრძლივეთ ამ ვალდებულების შესრულების ვადა. ასევე, ერთი წლით იქნება შეჩერებული ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს სალარო აპარატების არქონის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებას“, – განაცხადა მან.