სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაქურდეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია მეოთხედ გაქურდეს. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, ტაძრიდან ,,ვედრების” ხატი მოიპარა.
ეკლესიის სტიქაროსანის უჩა ქემაშვილის ინფორმაციით, ის გარკვეული დროის განმავლობაში სოფელში არ იმყოფებოდა და ვარაუდობს, რომ ფაქტიც იმ დროისათვის მოხდა.
“ათი დღის განმავლობაში ვიყავი წასული. დაბრუნების შემდეგ, ეკლესიას მივაკითხე და ვნახე, რომ ღვთისმშობლის ,,ვედრების” ხატი აღარ არის. ეს ხატის მოპარვის პირველი შემთხვევა არ არის, უკვე მეოთხედ ხდება, როცა ეკლესიებში შედიან, ქურდობენ და არავითარი რეაგირება არ ხდება. ჯერ პოლიციისათვის არ მიგვიმართავს,”- განაცხადა ქემაშვილმა.
ეკლესიის გაქურდვის პირველი შემთხვევა, სოფელ ჩუმლაყში, 2012 წელს მოხდა. ეკლესიიდან ნივთების მოპარვის შემდეგი ფაქტები 2020 წლის 11 აგვისტოს დაფიქსირდა, როცა წმინდა გიორგის სახელობის ორი ეკლესია ერთდროულად გაქურდეს.
დღემდე დაუდგენელმა პირებმა მოიპარეს საეკლესიო ნივთები, ტაძარი დაარბიეს და თანხა წაიღეს. მომხდარ ფაქტებზე პოლიციას არავინ დაუკავებია.