ახალი ამბები

სამშენებლო ნებართვის მიღების მიზნით, გამწვანების პროექტის წარდგენა სავალდებულო იქნება

განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისას, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში გამწვანების პროექტის წარდგენა სავალდებულო იქნება.

შესაბამისი ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შედის. პროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ირაკლი ხახუბია, ბექა დავითულიანი, ლევან ქარუმიძე და დავით კაჭარავა არიან.

ინიციატორები განმარტავენ, რომ ამ ვალდებულების გაჩენამ გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს: ახალი მწვანე სივრცეების გაჩენა, სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტის შემუშავება, მწვანე ნარგავ(ებ)ის დარგვა, საკომპენსაციო რგვები, გასაშენებელი მწვანე ნარგავ(ებ)ი, მწვანე სივრცეების დაცვა, მოქალაქეების ჯანსაღ გარემოში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ჰაერის დაბინძურების შემცირება.

ამასთან, კანონპროექტით დაკონკრეტებულია, რომ გამონაკლისი იქნება მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რადგან ინიციატორების განმარტებით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ფუნქციური დანიშნულება და დაკავებულობა, მათი მშენებლობის კლასის მიუხედავად, განსხვავდება სხვა ტიპის ობიექტების ფუნქციური დანიშნულებისგან და განკუთვნილია პირადი სარგებლობის საცხოვრებელი სივრცის შექმნისთვის.

რაც შეეხება გამწვანების პროექტს, ცვლილებების გათვალისწინებით, ის აუცილებლად უნდა მოიცავდეს: გამწვანების მინიმალური კოეფიციენტის ფართობს, ასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას მათ შორის დახასიათებას – ხნოვანებას, გარშემოწერილობას და სიმაღლეს, ასევე გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს და ბოლოს ფოტომონტაჟის სახით ვიზუალურად გამოსახულ გამწვანების პროექტს.