კახეთში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე გამოვლენილია ვერხვის სახეობის 3 ერთეული დაუფირნიშებელი მორი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სამართალდამრღვევს ელექტრონულ ჟურნალში არ ჰქონდა გაწერილი ელექტრონული ცნობა პირველადი გადამუშავების პროდუქტზე (ფიცარი), რომელიც გატანილი იქნა სახერხი საამქროს ტერიტორიდან. ამავე სოფელში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე გამოვლენილია 4 ერთეული აკაციის სახეობის მორი, რომელთა ფირნიშიც დაზიანებული იყო. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო 1,5 კუბური მეტრი წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 2 კუბური მეტრი მუხის სახეობის ფრიზა. ელექტრონულ ჟურნალში კი, ფიცრისა და ფრიზის ნაკლები რაოდენობა იყო მითითებული. გარდა ამისა, სახერხ საამქროს არ გააჩნდა ღობე და ბუნკერი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, მოქალაქეს, კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, განთავსებული ჰქონდა პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი), რომლის ნაშთიც არ შეესაბამებოდა ელექტრონულ ჟურნალში ასახულ ინფორმაციას.
ოთხივე სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ოქმები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.